ქობულეთის მუნიციპალიტეტის შშმ პირთა თემის ჩართულობით „ევროპის დღეები” აღინიშნა
მაისი 17, 2023
17.05.23 – ქობულეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის საზოგადოებრივ კოლეჯში “ევროპის დღეების” საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ქობულეთის შშმ თემის, სამოქალაქო სექტორისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების ჩართულობით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრა მიზნად ისახავდა გამოხმაურებოდა 5 მაისს ევროპის მასშტაბით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების დღის აღნიშვნის მნიშვნელობას.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ყურადღება გაამახვილა ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე, ამ პროცესში არსებულ მიღწვებსა და გამოწვევებზე, აგრეთვე იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტები სთავაზობს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, განსაკუთრებით კი-ახალგაზრდებს. შეხვედრაზე საუბარი, ასევე, შეეეხო დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საფრთხეებსა და მათთან გამკლავების მეთოდებს.
შეხვედრის მთავარი მიზანი გახლდათ აგრეთვე, იმ მითებისა და სტერეოტიპების დანგრევა, რომლებიც შშმ პირების სრულფასოვნად ადაპტირების პროცესს ახლავს თან და საზოგადოების ყველა სფეროში ინტეგრირების გაცნობიერებულ არჩევანს უკავშირდება.
საინფორმაციო შეხვედრის თანაორგანიზატორმა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შშმ საკითხებზე მომუშავე მუნიციპალური უწყების წარმომადგენელმა ნინო ნოღაიდელმა, ყურადღება გაამახვილა შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სფეროში მოქმედი საჯარო და სამოქალაქო სექტორის ერთობლივ ძალისხმევაზე, შშმპ თემის წარმომადგენლებისთვის სხვადასხვა ტიპის აქტივობაში ჩართულობისა და სამოქალაქო ინტეგრირების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ქობულეთის მუნიციპალიტეტის პროფილური მიმართულებების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და სოციალურ საკითხებზე მომუშავე უწყებების, სამოქალაქო და არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებული და შშმ თემისა და მათზე ზრუნვის განმხორციელებელი პირები.