ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 23, 2023
23.10.23 – სოფელი ქობულეთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, თანამშრომლობის დინამიკის, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებისთვის გახსნილი შესაძლებლობებისა და ვიზალიბერალიზაციის შედეგების შესახებ ისაუბრა.
მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე; პროგრამაში ERASMUS + მონაწილეობის პირობებზე, შერჩევის კრიტერიუმებსა და პროგრამაში წარმატებით ჩართულობისთვის გასათვალისწინებელ ფაქტორებზე კი ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრის სტაჟირების პროგრამის მონაწილემ ანეტი ბერიძემ მიაწოდა ინფორმაცია.
შეხვედრას ესწრებოდა სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლის დირექტორი ნაირა მახარაძე, რომელმაც საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობის გააქტიურებით ახალგაზრდებისთვის საინტერესო პროექტებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.