ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდიდის სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

თებერვალი 12, 2024

12.02.24 – სოფელი კონდიდი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდიდის საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და იმ ხელშესახებ სიკეთეებზე, რომელიც ევროკავშირთან დაახლოების გზაზე იქნა მიღწეული. ხაზი გაესვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების მნიშვნელობას და სამომავლო პერსპექტივებს. საუბარი, ასევე, შეეხო ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პედაგოგებისა და ახალგაზრდებისთვის გახსნილ შესაძლებლობებს.

მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.