ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდიდის სკოლაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აპრილი 7, 2023

07.04.23 – ქობულეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ქობულეთის რესურსცენტრის მხარდაჭერით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდიდის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, საქართველო-ევროკავშირისა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების, ინტეგრაციული პროცესების დინამიკაზე ისაუბრა და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პედაგოგებისა და ახალგაზრდებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე. საუბარი შეეხო ვიზალიბერალიზაციის საკითხებსა და ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ პროცედურებს.

შეხვედრაზე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამა ERASMUS + და მასში მონაწილეობის პირობები და პროგრამაში წარმატებით ჩართულობისთვის გასათვალისწინებელი ფაქტორები განიხილეს.

შეხვედრას სოფელ კონდიდის საჯარო სკოლის დირექტორი მედეა ლაზიშვილი ესწრებოდა, რომელმაც საინფორმაციო ცენტრთან აქტიური თანამშრომლობისა და ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.