ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 19, 2024
19.02.24 – სოფელი ცეცხლაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის მხარდაჭერით, სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკის, ხელშესახები შედეგებისა და პერსპექტივების, აგრეთვე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში გახსნილი შესაძლებლობებისა და ვიზალიბერალიზაციის საკითხებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ განვლილ გზაზე ევროპული პერსპექტივისა და კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ გაცვლით პროგრამაში ERASMUS+ მონაწილეობის პირობებზე, შერჩევის კრიტერიუმებსა და პროგრამაში წარმატებით ჩართულობისთვის გასათვალისწინებელ ფაქტორებზე.
შეხვედრას სოფელ ცეცხლაურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ლადო ხოზრევანიძე ესწრებოდა, რომელმაც საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობის გააქტიურებით ახალგაზრდებისთვის საინტერესო პროექტებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.