ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის სკოლაში ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
თებერვალი 19, 2024

19.02.24 – სოფელი ცეცხლაური
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის სკოლის პედაგოგებისთვის ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში, ირმა გაბინაშვილმა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, თანამშრომლობის დინამიკის, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში პედაგოგებისა და ახალგაზრდებისთვის არსებული შესაძლებლობებისა და ვიზალიბერალიზაციის შედეგების შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის მინიჭებულ კანდიდატის სტატუსზე, მის მნიშვნელობასა და შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.
მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტებისადმი საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მისი მედეგობის გაზრდის ხელშეწყობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრის დასასრულს მსმენელებს საინფორმაციო ცენტრის მიერ მომზადებული თემატური ლიტერატურა და საინფორმაციო მასალები გადაეცათ.