ქობულეთის მუნიციპალიტეტში კიბერუსაფრთხოების საკითხებზე სემინარი ჩატარდა

თებერვალი 22, 2024

22.02.24 – ქობულეთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებისა და სხვადასხვა სფეროში დასაქმებული სპეციალისტებისთვის კიბერუსაფრთხოების საკითხებზე სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ინფორმაციული უსაფრთხოების სამმართველოს უფროსმა აკაკი შეყელაძემ, კიბერსივრცისა და კიბერუსაფრთხოების არსზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა კიბერჰიგიენის ძირითად მიდგომებსა და ონლაინ სივრცეში არსებული პრობლემებისა და საფრთხეების გამკლავების მეთოდებზე.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა გაუწია და აჭარის რეგიონის მუნიციპალიტეტებთან აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი შეხვედრების მიზანია საჯარო მოხელეების ცოდნის გაღრმავება და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის, მიმდინარე პროცესების, არსებული შესაძლებლობებისა და გამოწვევების შესახებ აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.

შეხვედრას ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის ხელმძღვანელები, მერიის და საკრებულოს ადმინისტრაციული სამსახურების უფროსები, საკრებულოს წევრები და აიპების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს.