კოლეჯ მოდუსის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გაიმართა

აპრილი 14, 2022

14.04.22 – მარნეული

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და კოლეჯ მოდუსის მარნეულის ფილიალის ორგანიზებით, კოლეჯის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ეტაპები და ამ პროცესის დინამიკა გააცნო. მომხსენებელმა აუდიტორიას იმ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის დაარსების ისტორიულ კონტექსტზე, გაფართოების ეტაპებსა და ევროპულ ღირებულებებზე.

დისკუსიის ფორმატში, მომხსენებელმა ისაუბრა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მნიშვნელობასა და კოპენჰაგენის კრიტერიუმების მიხედვით გათვალისწინებულ სამომავლო ნაბიჯებზე.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.