კონკურსის “შემოქმედებითი ზაფხული” გამარჯვებულების დაჯილდოვება
სექტემბერი 24, 2020
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში პროექტის “შემოქმედებითი ზაფხული” გამარჯვებულების დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. გამარჯვებულები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს დირექტორმა ლიკა კვარაცხელიამ და ქართული ბრენდის “ANOUKI” კრეატიულმა დირექტორმა ანუკი არეშიძემ დააჯილდოვეს.
“შემოქმედებითი ზაფხული” საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ერთობლივი პროექტია. კონკურსის ფარგლებში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულმა ახალგაზრდებმა თემებზე: “მე ევროპელი” და “მომავლის აფხაზეთი” შექმნეს ლიტერატურული ჩანახატები, ესეები და ფერწერული ნამუშევრები.
“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იძულებით გადაადგილებული მოზარდების ჩართულობა საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესში და მათი მაქსიმალური ინფორმირება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური პერსპექტივების, ინტეგრაციის პროცესით მიღებული სარგებელისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომლის წინაშეც ქვეყანა დგას. მათ უნდა ჰქონდეთ სწორი აღქმა, რომ ეს პროცესი სწორედ მათი უსაფრთხოების, უკეთესი განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკური კეთილდღეობისა და ნათელი მომავლისთვისაა” – განაცხადა თამარა წულეისკირმა.
გამარჯვებული ნაშრომი (პროზა, პოეზია, ფერწერული ნამუშევარი) დაიბეჭდება ჟურნალ „რიწის“ 2020 წლის მესამე და ჟურნალ იალქნის სექტემბრის ნომერში, ხოლო ესეების კონკურსში სამ გამარჯვებულ ახალგაზრდას გადაეცა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული სიმბოლური პრიზები, მათ შორის შედის ოკუპაციისა და ხელოვნების მუზეუმებში ვიზიტი. სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ ასევე, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს მიერ. რჩეული ფერწერული ნამუშევარი გამოავლინა ცნობილმა ქართულმა ბრენდმა „ANOUKI“ და გამოიყენებს მას კოლექციაში.