კულტურულ-საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან პედაგოგები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეწვივნენ
ოქტომბერი 6, 2022
06.10.22 – თბილისი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარის მონაწილე მასწავლებლებისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში შეხვედრა გაიმართა.
მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ მახარაშვილმა, ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან პედაგოგებთან შეხვედრაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების უზრუნველსაყოფად გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა. თამარ მახარაშვილმა იმ მნიშვნელოვან განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს სწავლების პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას და პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებას. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობას და მადლობა გადაუხადა პედაგოგებს ახალგაზრდების განათლებაში შეტანილი წვლილისთვის.
დისკუსიის რეჟიმში გამართულ შეხვედრაზე, პედაგოგებმა საქმიანობის კუთხით რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს. ხაზგასმით აღნიშნა მსგავსი პროექტების განხორციელების მნიშვნელობა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების პედაგოგების მაქსიმალური ინფორმირებისა და დასავლური ინტეგრაციის პროცესში ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
კულტურულ-საგანმანათლებლო ვიზიტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ვიზიტის მონაწილე პედაგოგებისთვის სერტიფიკატების გადაცემით დასრულდა.
ორდღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების სკოლის პედაგოგებისთვის გაიმართა.
კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარების ციკლი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, ახორციელებს.