კულტურულ-საგანმანათლებლო ტურის მონაწილე პედაგოგები საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ

ოქტომბერი 6, 2022

06.10.22 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების სკოლის პედაგოგებისთვის თბილისში სასწავლო ვიზიტის მეორე დღე საქართველოს პარლამენტში ვიზიტით დაიწყო.

სემინარის მონაწილეებს საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების გამოწვევებზე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშვილი ესაუბრა. შეხვედრაზე გიორგი ხელაშვილმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე და ხაზი გაუსვა ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის მნიშვნელობას. გიორგი ხელაშვილმა მონაწილეებს ასევე პარლამენტის მუშაობის სპეციფიკა გააცნო და ყურადღება გაამახვილა დასავლური ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების და განსაკუთრებით პედაგოგების ჩართულობის მნიშვნელობაზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მონაწილეებისთვის საქართველოს პარლამენტში ექსკურსია მოეწყო.

ორდღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარების ციკლი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, ახორციელებს.