კულტურულ-საგანმანათლებლო ტურის მონაწილე პედაგოგები საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს ეწვივნენ

ოქტომბერი 6, 2022

06.10.22 – თბილისი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მიმდინარე კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარის მონაწილე მასწავლებლები, ვიზიტის მეორე დღეს საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისს ეწვივნენ.

სემინარის მონაწილეებს საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებმა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე ესაუბრნენ. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ნატოს თანამშრომლობის დინამიკასა და ინტეგრაციის ინსტრუმენტებზე. აღინიშნა ის მნიშვნელოვანი სარგებელი, რასაც საქართველო ნატოსთან თანამშრომლობის პროცესში იღებს.

ორდღიანი კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარი საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებითა და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების სკოლის პედაგოგებისთვის იმართება.

კულტურულ-საგანმანათლებლო სემინარების ციკლი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, ახორციელებს.