ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 27, 2023
27.12.23 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ინიციატივითა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციალური მეცნიერებების დეპარტამენტთან თანამშრომლობით, სტუდენტებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძე, ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და მიზნებზე ესაუბრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოს შექმნისა და გაფართოების ისტორიას, ნატოს პოლიტიკას მშვიდობის უზრუნველსაყოფად და საქართველოსთან პარტნიორობის ეტაპებს. ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მონიჭებასა და იმ სარგებელზე, რასაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსიდან გაწევრიანებამდე მიიღებს.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის დასასრულს სტუდენტებს თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.