ქუთაისში, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის შესახებ საინფორმაციო კამპანია გაიმართა
ნოემბერი 15, 2023

15.11.23 – ქუთაისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის, საქართველოში ნატო-ს საკონტაქტო საელჩოების (დიდი ბრიტანეთისა და რუმინეთის) და საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ჩართულობით ქუთაისის ცენტრალურ ბულვარში, კამპანია „მოძრავი საელჩო“ გაიმართა.
საინფორმაციო სივრცეში, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ თემატურ ლიტერატურას, საიმიჯო მასალებს და ჩართულიყვნენ ვიქტორინაში, რომელიც ნატოს შესახებ ინფორმაციის მიწოდებასა და ცოდნის ამაღლებას ისახავდა მიზნად. ვიქტორინაში მონაწილე სწორი პასუხის ავტორებს სამახსოვრო საჩუქარი და სიმბოლური პრიზი გადაეცათ. სტუმრებს, ასევე, შესაძლებლობა ჰქონდათ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელისგან მიეღოთ ინფორმაცია ნატოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო საკითხებზე.
ცენტრის მიერ წარმოდგენილ სტენდს ბრიტანეთის ელჩი საქართველოში მარკ კლეიტონი და რუმინეთის ელჩის მოადგილე სილვიუ დამიენი ეწვივნენ, რომლებმაც საინფორმაციო ცენტრის სტაჟირების პროგრამის მონაწილეებისა და მოხალისეების შეკითხვებს უპასუხეს. ბრიტანეთის ელჩი სამაგიდე თამაშით EU&NATO დაინტერესდა და ადგილზე გაეცნო თამაშის პრინციპსა და მიზანს. საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა იმერეთის რეგიონში მარიკა ვაჭარაძემ სამაგიდე თამაში ელჩს საჩუქრად გადასცა.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოსა და რუმინეთის საელჩოები, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ნატოსა და საქართველოს შორის საკონტაქტო საელჩოების ფუნქციას შეასრულებენ.