ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აგვისტო 5, 2022
05.08.22 – ლაგოდეხი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლაგოდეხის მერიის თანამშრომლებსა და სოფლის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მონაწილეებს ჰიბრიდული ომების მკვლევარმა დავით ძიძიშვილმა, ინფორმაცია მიაწოდა ევროინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევებისა და ჰიბრიდული ომისთვის დამახასიათებელი ეტაპების შესახებ. შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება გამახვილდა ევროპული ღირებულებებისა და ქართული ტრადიციების იდენტობის საკითხებზე.
შეხვედრას, რომელსაც 30-მდე მონაწილე ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ გაუწია.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.