ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ინტელექტუალური თამაშის ,,ევროკავშირი’’ მონაწილეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
დეკემბერი 7, 2023
07.12.23 – ლაგოდეხი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის, გიორგეთის, ლელიანისა და გვიმრიანის ახალგაზრდებთან ინტელექტუალური თამაშის ,,ევროკავშირი’’ ფარგლებში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა კახეთის რეგიონში ბექა ექსეულიძემ, მონაწილეებს საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და ძირითად გამოწვევებზე მიაწოდა ინფორმაცია. აგრეთვე, საუბარი შეეხო ინტეგრაციის პროცესში მიღებულ ხელშესახებ სიკეთეებსა და გაწევრიანების ეტაპებს. შეხვედრაზე განხილული იყო ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შედეგები და თანმდევი პასუხისმგებლობები.
ინტელექტუალური თამაშის დროს მონაწილე გუნდებმა ევროკავშირის თემატიკაზე შედგენილ კითხვებს უპასუხეს, გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები, რომლებსაც საინფორმაციო ცენტრის მიერ დაწესებული სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში იმართება, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.