ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გაიმართა
ივლისი 20, 2022

20.07.22 – ლანჩხუთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის საჯარო მოხელეებთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიისა და მიზნების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკისა და არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტულ ასპექტებზე, საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების უალტერნატივობასა და სამომავლო პერსპექტივებზე. მომხსენებელმა, ასევე, ვრცლად მიმოიხილა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP), ყოველწლიური ეროვნული პროგრამის (ANP), წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB School) მნიშვნელობა და ფუნქციები.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ გაუწია, რომელმაც მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ქვეყნის მთავარი საგარეო პრიორიტეტების შესახებ საზოგადოების გაცნობიერებული მხარდაჭერის, ანტიდასავლური პროპაგანდის მიმართ მათი მედეგობის გაზრდისა და ამ მიმართულებით მათთვის სწორი აღქმებისა და მოლოდინების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.