ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის თანამშრომლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
სექტემბერი 13, 2021
13.09.21 – ლანჩხუთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო ცენტრის თანამშრომლებთან საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობისა და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროკავშირის ისტორიის, საქართველო – ევროკავშირის თანამშრომლობის ინსტრუმენტებისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ქვეყნისთვის დასავლეთთან, განსაკუთრებით ევროკავშირთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე და პარტნიორობის სამომავლო პერსპექტივებზე, ასევე, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე, მიზანმიმართულად წარმოებულ ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის შესახებ საზოგადოების არგუმენტირებული ინფორმირებისა და ამ მიმართულებით მათი სწორი აღქმების ჩამოყალიბების მნიშვნელობას.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.