ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
აპრილი 6, 2022
06.04.22 – ქალაქი ლანჩხუთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის უფროსკლასელებისა და პედაგოგებისთვის ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის გურიის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროპული ინტეგრაციის ისტორიის, ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობისა და პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებზე, ჩვენი ქვეყნის მიერ ევროპის კავშირში გაწევრიანების შესახებ წარდგენილი განაცხადის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებსა და პროცედურებზე, თუ რა გზა უნდა გაიაროს განაცხადის წარმდგენმა სახელმწიფომ სრულფასოვან წევრობამდე.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და ისაუბრა ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებსა და გამოწვევებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.