ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

დეკემბერი 16, 2022

16.12.22 – სოფელი ჩოჩხათი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ევროპულ ფასეულობებს, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებს, იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამები მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობასა და განაცხადის წარდგენიდან სრულყოფილ წევრობამდე გასავლელ გზასა და პროცედურებზე, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.

გარდა ამისა, მომხსენებელმა აუდიტორიას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა გადაეცათ.