ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლის უფროსკლასელებთან ევროინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ოქტომბერი 6, 2022
06.10.22 – ლანჩხუთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ლანჩხუთის N3 საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ევროკავშირი – საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო ევროპულ ფასეულობებს, შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის საკითხებსა და იმ შესაძლებლობებს, რასაც ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამები მოიცავს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობასა და განაცხადის წარდგენიდან სრულყოფილ წევრობამდე გასავლელ გზასა და პროცედურებზე.
გარდა ამისა, მომხსენებელმა აუდიტორიას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა დაურიგდათ.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.