ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის სკოლაში შეხვედრა გაიმართა

მარტი 31, 2023

31.03.23 – სოფელი ჩიბათი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის უფროსკლასელებისთვის ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში ირაკლი პაპავა, მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ევროპულ ღირებულებებს, ასოცირების შესახებ შეთანხმებას, სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებს, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამებს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებზე, საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსა და შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებზე.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.