ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
მარტი 21, 2023
21.03.23 – სოფელი ლესა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლის პედაგოგებსა და უფროსკლასელებთან ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი გურიის რეგიონში ირაკლი პაპავა, მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ესაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ევროპულ ფასეულობებს, ასოცირების შესახებ შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებსა და საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადსა და შემდგომ გადასადგმელ ნაბიჯებზე.
გარდა ამისა, მომხსენებელმა აუდიტორიას საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.