ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლაში დასავლური ინტეგრაციის შესახებ შეხვედრა გაიმართა
ივნისი 13, 2023

13.06.23 – ლანჩხუთი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლანჩხუთის მესამე საჯარო სკოლის დებატკლუბის წევრი მოსწავლეებისთვის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში, ირაკლი პაპავამ, შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ისტორიის, ნატოსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის დინამიკისა და ამ პროცესში არსებული მიღწევების, გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობასა და შემდგომ ნაბიჯებზე, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე.
შეხვედრაზე მომხსენებელმა, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა პროექტზე, რომლის მიზანია, „კარლ პოპერის პოლიტიკური დებატების“ ფორმატის გამოყენებით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოს 70-მდე სკოლის მოსწავლისა და პედაგოგისთვის ცნობიერების ამაღლება და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.