ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლაში ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 19, 2023

19.10.23 – სოფელი მამათი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათის საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ, მონაწილეებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ისტორიის, ასევე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმების, ერთობლივი პროგრამების, მიღწეული შედეგებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა ნატოს პოლიტიკის დინამიკაზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებასთან მიმართებით, ანტიდასავლურ პროპაგანდასა და მასთან ბრძოლის აუცილებლობაზე.

გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.