ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლაში შეხვედრა გაიმართა

ნოემბერი 22, 2023

22.11.23 – სოფელი ჩოჩხათი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის დებატ-კლუბის წევრებისთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრისას საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ ისაუბრა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის ისტორიის, ნატოსა და ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის თანამშრომლობის დინამიკის და ამ პროცესში არსებული მიღწევების, გამოწვევებისა და სამომავლო პერსპექტივების, ანტიდასავლური პროპაგანდისა და მისგან მომდინარე საფრთხეების შესახებ.

მომხსენებელმა, ასევე, ისაუბრა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე, პროექტზე, რომლის მიზანია, „კარლ პოპერის პოლიტიკური დებატების“ ფორმატის გამოყენებით, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოს 90-მდე სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის ცნობიერების ამაღლება და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.