ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

მარტი 28, 2024

28.03.24 – ქალაქი ლანჩხუთი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების – ა(ა)იპ-ებისა და შპს-ების – თანამშრომლები, ლანჩხუთის მერის ახალგაზრდული საბჭოს წევრები, ასევე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მათი თანაშემწეები ესწრებოდნენ.

მოწვეულმა ექსპერტმა, „სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა და სამხედრო ექსპერტმა გიორგი ცხვიტავამ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე, საქართველო-ნატოს ურთიერთობებზე, ამ პროცესის მნიშვნელობაზე, მიღწეულ პროგრესზე, გამოწვევებსა და დეზინფორმაციული ნარატივების თავისებურებებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობაზე, საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების უალტერნატივობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.

შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა გურიის რეგიონში ირაკლი პაპავამ გაუწია, რომელმაც მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიმდინარე პროექტები და საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.