ლენტეხის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების პედაგოგებსა და თანამშრომლებთან უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
მაისი 25, 2021
25.05.21 – ლენტეხი და ცაგერი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის ბიუროს ორგანიზებით, ლენტეხისა და ცაგერის მუნიციპალიტეტების ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლებსა და პედაგოგებთან, უვიზო მიმოსვლის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკაზე, ასოცირების ხელშეკრულებასა და იმ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რასაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა უხსნის. ყურადღება გამახვილდა შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის წესებსა და ამ წესების დარღვევასთან დაკავშირებულ რისკებზე. ხაზი გაესვა საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობას საკანონმდებლო ცვლილების შესახებ, რომლის თანახმადაც, შენგენის ზონის/ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობის დროს, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება. შეხვედრის დასასრულს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა უპასუხა მონაწილეთა კითხვებს.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.