ლენტეხის სკოლის მოსწავლეებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ნოემბერი 27, 2020
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ლენტეხის პირველი საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ, შეხვედრის მონაწილეებს ნატოს ისტორიის, ნატო-საქართველოს თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ ესაუბრა. საუბარი, ასევე, შეეხო ნატოში საქართველოს გაწევრებასთან დაკავშირებულ დეზინფორმაციის სააფრთხეებსა და ანტიდასავლურ პროპაგანდას. ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებთან და საქართველოს მუდმივ ნეიტრალიტეტთან მიმართებაში გავრცელებულ მითებზე.
შეხვედრა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.