მაღალმთიანი აჭარის რეგიონის პედაგოგებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა
ოქტომბერი 26, 2021
26.10.21 – მაღალმთიანი აჭარა
ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მაღალმთიანი აჭარის რეგიონის პედაგოგებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.
სემინარი საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ გახსნა და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.
შეხვედრაზე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ისტორიისა და მიზნების, ნატო-საქართველოს ურთიერთობების დინამიკისა და არსებული მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრიორიტეტულ ასპექტებზე.
მომხსენებელმა, ასევე, ვრცლად მიმოიხილა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP), ყოველწლიური ეროვნული პროგრამის (ANP), წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა (JTEC) და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB School) მნიშვნელობა და ფუნქციები.
შეხვედრაში მონაწილეობა 135-მდე პედაგოგმა მიიღო.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა.