მაღალმთიანი აჭარის რეგიონის საჯარო მოხელეებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა

ნოემბერი 29, 2021

29.11.21 – მაღალმთიანი აჭარა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის ევრო-ატლანტიკურ საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე ირინა შამილაძე მიესალმა და ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე პროექტები გააცნო.

სამხედრო ჟურნალისტთა ასოციაციის დამფუძნებელმა გიორგი ცხვიტავამ, მონაწილეებს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ისტორიაზე და სამომავლო პერსპექტივებზე მიაწოდა ინფორმაცია. ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით ალიანსთან თანამშრომლობის გაღრმავებას. საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებსა და იმ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომლებიც ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნების მიღწევაში ეხმარება.

შეხვედრას, რომელსაც 110-მდე საჯარო მოხელე ესწრებოდა, მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ გაუწია.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.