მაღალმთიანი აჭარის რეგიონის საჯარო მოხელეებსა და ადგილობრივ მოსახლეობასთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
აპრილი 1, 2022
01.04.22 – მაღალმთიანი აჭარა
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით მაღალმთიანი აჭარის რეგიონის საჯარო მოხელეებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა კახა გოგოლაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე, ევროკავშირის წვლილზე საქართველოს განვითარებაში, ევროინტეგრაციის პროცესში არსებულ ხელშესახებ შედეგებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაზე (DCFTA). საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ოფიციალური განაცხადის გაკეთების მნიშვნელობასა და ინტეგრაციის შემდგომ ეტაპებს.
სემინარს, რომელსაც 75-მდე მონაწილე ესწრებოდა, მოდერაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ გაუწია.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.