მაღალმთიანი აჭარის რეგიონის სტუდენტებთან კიბერუსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

აპრილი 19, 2022

19.04.22 – მაღალმთიანი აჭარა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მაღალმთიანი აჭარის რეგიონის სსიპ ახალი ტალღის ხულოს ფილიალის სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა.

მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ ცენტრის საქმიანობისა და მიმდინარე პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებელმა ანდრო გოცირიძემ, მიმოიხილა კიბერუსაფრთხოების გამოწვევები და მისი გავლენა ნატო-ს დღის წესრიგის ტრანსფორმაციაზე. ყურადღება გამახვილდა ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული დეზინფორმაციული ნაკადებისგან მომდინარე საფრთხეებსა და მათთან ბრძოლის თანამედროვე მიდგომებზე.

სემინარს, რომელსაც 50-მდე მონაწილე ესწრებოდა მოდერაცია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის მაღალმთიანი აჭარის ბიუროს წარმომადგენელმა ბექა ჯოყილაძემ გაუწია.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის “დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.