მარნეულის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა გაიმართა
მაისი 18, 2022
18.05.22 – მარნეული
„ევროპის დღეები 2022“ – ის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები, ევროპული გაერთიანების შექმნის ისტორიული კონტექსტი, ევროკავშირის გაფართოებისა და ინსტიტუციონალიზაციის ეტაპები გააცნო.
შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებსა და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის გაკეთების მნიშვნელობას. ყურადღება გამახვილდა ქართული წარმოების პროდუქტის ევროკავშირის ბაზარზე გატანის შესაძლებლობებზე, უვიზო მიმოსვლასა და ევროკავშირის საგანმანათლებლო პროგრამის Erasmus + შესაძლებლობებზე.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.