მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
მაისი 18, 2023

18.05.23 – მარნეული
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, მოწვეულმა ექსპერტმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბუჯიაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დინამიკაზე, მის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
საუბარი, ასევე, შეეხო საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მიზნებსა და ვიზალიბერალიზაციის შედეგებს. ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.
შეხვედრას მოდერაცია საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა გაუწია და ცენტრის საქმიანობის მიმართულებებსა და მიზნებზე ისაუბრა.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.