მარნეულში სასულიერო პირებთან საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 25, 2023

25.10.23 – მარნეული

საგარეო საქმეთა სამინისტროს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრი, კულტურული მრავალფეროვნების ჰარმონიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტში „ქვემო ქართლის რელიგიური ლიდერები ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰარმონიული განვითარებისთვის“ ჩაერთო.

შეხვედრაზე, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლის რეგიონში თემურ სუყაშვილმა, პირველი ევროპული გაერთიანების შექმნისა და გაფართოების ისტორიული კონტექსტი და ინსტიტუციონალიზაციის პროცესი მიმოიხილა. მომხსენებელმა სასულიერო პირებსა და ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ისტორია, თანამშრომლობის დინამიკა, ვიზალიბერალიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშესახები შედეგები გააცნო.

ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადზე, მის მნიშვნელობასა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.