მცირე პროექტების კონკურსის გამარჯვებულებისთვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე სემინარი გაიმართა
დეკემბერი 12, 2022
12.12.2022 – თბილისი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ადგილობრივი ინიციატივების მხარდასაჭერად გამოცხადებული მცირე პროექტების კონკურსის გამარჯვებულებისთვის ონლაინ სემინარი გაიმართა.
სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ მიმართა და საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და გამარჯვებული პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ერთდღიანი სემინარის ფარგლებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის უფროსმა მრჩეველმა ნათია გვენეტაძემ, ჰიბრიდული ომების მკვლევარმა დავით ძიძიშვილმა და ასოციაციის „ევროპის დროით“ თავმჯდომარემ ეკატერინე ქარდავამ ჩაატარეს ლექციები. ყურადღება გაამახვილდა ნატო-სა და ევროკავშირის ინსტიტუტებსა და მათ თავისებურებებზე, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე, სამომავლო პერსპექტივებზე, ჰიბრიდული ომის თანამედროვე ტენდენციებსა და ამ მხრივ არსებულ გამოწვევებზე.
ინფორმაციისთვის: ადგილობრივი ინიციატივების მხარდასაჭერად გამოცხადებული მცირე პროექტების კონკურსის შედეგად შეირჩა ხუთი საუკეთესო საპროექტო წინადადება თბილისისა და აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის რეგიონებიდან. შერჩეული პროექტები ეხმიანება საინფორმაციო ცენტრის მიზანს გაზარდოს მოქალაქეების ჩართულობა ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ამაღლდეს მოსახლეობის ცოდნა და ინფორმირებულების დონე ნატო-სა და ევროკავშირის, ევროპული იდენტობისა და ღირებულებების შესახებ და გაიზარდოს მედეგობა დეზინფორმაციის მიმართ.
მცირე გრანტები გაიცა პროექტის „დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოში აშშ-ის საელჩოსთან პარტნიორობით, ახორციელებს.