მცხეთა-მთიანეთის რეგიონის პედაგოგებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლებისთვის ონლაინ სემინარი ჩატარდა

ოქტომბერი 19, 2021

19.10.21 – მცხეთა-მთიანეთი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის პედაგოგებისა და ბიბლიოთეკების თანამშრომლებისთვის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.

შეხვედრაზე სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორმა ირაკლი მენაღარიშვილმა, მონაწილეებს აშშ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბების ეტაპებისა და შეერთებული შტატების მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარებების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი, ასევე, შეეხო შეერთებული შტატების როლს საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკისა და დამოუკიდებლობის გაძლიერების საკითხებში. ყურადღება გამახვილდა ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივებზე, საქართველოსთვის შეერთებული შტატების მხარდაჭერის მნიშვნელობასა და უსაფრთხოებისა და ეკონომიკის სფეროში მიღწეულ შედეგებზე.

შეხვედრას, რომელსაც 140-მდე პედაგოგი ესწრებოდა მოდერაცია ნატოს შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსმა ქეთი კუპრაძემ და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ გაუწიეს და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრეს.

სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ მეორე ფაზის ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.