მცხეთა-მთიანეთის რეგიონის საჯარო მოხელეებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა
აგვისტო 24, 2021
24.09.21 – მცხეთა-მთიანეთი, დუშეთი, ახალგორი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მცხეთა-მთიანეთის, დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტების თანამშრომლებისთვის ნატო-საქართველოს თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.
ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების დირექტორმა, ხათუნა ბურკაძემ 40-მდე მონაწილესთან ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შექმნის ისტორიაზე, მის მთავარ პრინციპებსა და ამოცანებზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების მნიშვნელობაზე.
ხათუნა ბურკაძემ აღნიშნა: „საქართველოს ნატო-ში წევრობისათვის საჭირო ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გააჩნია. აუცილებელია, ბუქარესტის სამიტზე მიღებული პოლიტიკური დაპირება რეალობად იქცეს. ეს სჭირდება საქართველოს, ნატო-სა და მთლიანობაში, რეგიონალურ უსაფრთხოებას“.
შეხვედრა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა ყარამან ბერიძემ გახსნეს და მონაწილეებს ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრნენ.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.