მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში რეგიონების პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 31, 2022

31.10.22 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში მთელი საქართველოს მასშტაბით 100-ზე მეტი პედაგოგის მონაწილეობით შეხვედრა გაიმართა.

სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და დეზინფორმაციასთან ბრძოლის კონტექსტში მედიაწიგნიერების მნიშვნელობასა და საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

მოწვეულმა ექსპერტმა, ჰიბრიდული ომების მკვლევარმა, დავით ძიძიშვილმა პედაგოგებთან საინფორმაციო ომის თავისებურებებზე, ჰიბრიდულ საფრთხეებზე, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებსა და მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრაზე, დეტალურად განიხილეს მედიაწიგნიერების და კრიტიკული აზროვნების როლი ჰიბრიდულ საფთხეებთან ბრძოლის კონტექსტში.

აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ცენტრი წელს უკვე მეორედ უერთდება აღნიშნულ კვირეულს და სხვადასხვა საინფორმაციო და სოც-მედია კამპანიის მეშვეობით ცდილობს გაზარდოს ცნობიერება მედიაწიგნიერების საჭიროებებისა და როლის შესახებ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.