მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებისთვის შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 25, 2022

25.10.22 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, გაეროს მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალას, თბილისის N147 და N32 საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის, საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე და ანტიდასავლური პროპაგანდისგან მომდინარე საფრთხეებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საინფორმაციო ცენტრი წელს უკვე მეორედ უერთდება აღნიშნულ კვირეულს და სხვადასხვა საინფორმაციო და სოც-მედია კამპანიის მეშვეობით ცდილობს გაზარდოს ცნობიერება მედიაწიგნიერების საჭიროებებისა და როლის შესახებ.

შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ, მოსწავლეებს ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტები გააცნო და ხაზი გაუსვა მედიაწიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების როლს ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის კონტექსტში.

საინფორმაციო ცენტრის ნატო-ს შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსმა ქეთი კუპრაძემ და ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის მოვალეობის შემსრულებელმა მარიამ გიგაურმა, მოსწავლეებთან ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროკავშირის შექმნისა და განვითარების ისტორიაზე, ნატო-საქართველოსა და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებზე, თანამშრომლობის არსებულ მექანიზმებსა და ამ პროცესების თანმდევ ჰიბრიდულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა დეზინფორმაციული ნარატივების მიმართ საზოგადოების მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე და მედიაწიგნიერების არსზე.

შეხვედრის დასასრულს ვიქტორინა გაიმართა და გამარჯვებულ მონაწილეებს პრიზები გადაეცათ.

შეხვედრა მერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.