მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართა

ოქტომბერი 27, 2022

27.10.22 – თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებთან მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში მედიაწიგნიერების საკითხებზე შეხვედრა გაიმართა, რომელშიც თბილისის მასშტაბით სხვადასხვა უნივერსიტეტის 50-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობდა.

სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და კომუნიკაციების კომისიის წევრმა ნათია კუკულაძემ.

ირინა შამილაძემ თავის გამოსვლაში დეზინფორმაციასთან ბრძოლის კონტექსტში მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე, საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის პრიორიტეტებსა და მსგავსი შეხვედრების სტუდენტებისთვის რეგულარულად ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

თავის მხრივ ნათია კუკულაძემ, მედიაწიგინიერების გლობალური კვირეულის ფარგლებში კომუნიკაციების კომისიის აქტივობებზე, პროექტებსა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

სემინარზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მედიაწიგნიერების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა ანი გვეტაძემ, ვრცლად ისაუბრა ინფორმაციის სახეობებსა და ყალბი ახალი ამბების ამოცნობისა და გადამოწმების ტექნიკებზე.

შეხვედრის მეორე მომხსენებელმა, ჰიბრიდული ომების მკვლევარმა დავით ძიძიშვილმა ჰიბრიდული ომის საფრთხეებზე, დეზინფორმაციასთან ბრძოლის მეთოდებსა და მედეგობის გაძლიერების მნიშვნელობაზე გააკეთა პრეზენტაცია.

ლექცია აქტიური დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.