მერიებისა და საკრებულოს წარმომადგენლებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა
აპრილი 14, 2021
14.04.21 – თბილისი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მერიებისა და საკრებულოს წარმომადგენლებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე ონლაინ სემინარი გაიმართა.
სემინარზე მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილემ ირინა შამილაძემ და ცენტრის საქმიანობასა და მიმდინარე პროექტებზე ისაუბრა. მთელი საქართველოს მასშტაბით 70-მდე მერიისა და საკრებულოს წარმომადგენელს, საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის (GCSD) გამგეობის თავმჯდომარემ ლევან დოლიძემ, ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე, არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებზე მიაწოდა ინფორმაცია. ყურადღება გამახვილდა წლიური ეროვნული პროგრამისა (ANP) და წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) მნიშვნელობასა და ფუნქციაზე. ასევე, მომხსენებლმა ხაზი გაუსვა სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობასა და შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით ალიანსთან თანამშრომლობას.
„სამხედრო პოტენციალის კუთხით ნატო-ს ჯერ საპირწონე არ ჰყავს და მსოფლიოში არ არსებობს არცერთი სუბიექტი, არცერთი სახელმწიფო, რომელსაც ექნება იმაზე ძლიერი შეიარაღება ვიდრე ეს ნატო-ს აქვს. ეს გამოიხატება კონკრეტულ ციფრებში და ამდენად იმ ქოლგის ქვეშ ყოფნა, რასაც ჰქვია ნატო-ს წევრობა არის ძალიან სერიოზული უსაფრთხოების გარანტია“ – აღნიშნა ლევან დოლიძემ.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.