მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო მოხელეებთან ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

ივნისი 30, 2022

30.06.22 – მესტია

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, მესტიის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ანტიდასავლური პროპაგანდის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ანა ცანავა ცენტრის მიზნებსა და საქმიანობაზე ესაუბრა.

შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა, ჰიბრიდული ომების მკვლევარმა დავით ძიძიშვილმა, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არსებულ დეზინფორმაციულ ნარატივებზე, ანტიდასავლური პროპაგანდის საფრთხეებზე, მასთან ბრძოლის გზებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

შეხვედრას მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მაიზერ ჯაფარიძე, მოადგილე ზაურ ჩართოლანი, მერის პირველი მოადგილე ნელი ნავერიანი და მერიის, საკრებულოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის იურიდიული პირების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის მიერ გამოცემული თემატური ლიტერატურა და საიმიჯო მასალები გადაეცათ.

შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.