მესტიის სკოლაში დასავლური ინტეგრაციის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
ივნისი 8, 2023
08.06.23 – დაბა მესტია
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, დაბა მესტიის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებთან საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ანა ცანავამ, საქართველოს დასავლური ინტეგრაციის მნიშვნელობაზე, საქართველო-ევროკავშირისა და საქართველო-ნატოს ურთიერთობების დინამიკაზე, ევროკავშირის სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებზე, ევროინტეგრაციის პროცესში მიღებულ სიკეთეებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.
ყურადღება გამახვილდა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე საქართველოს მიერ გაკეთებულ განაცხადსა და მასთან დაკავშირებულ შემდგომ პროცედურებსა და ეტაპებზე.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 მუხლის მნიშვნელობასა და ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას.
მომხსენებელმა, ასევე, ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, დეზინფორმაციულ ნარატივებსა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე ისაუბრა.
გარდა ამისა, მომხსენებელმა მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.