მოსწავლეებსა და პედაგოგებთან მორიგი ონლაინ შეხვედრა გაიმართა
ივნისი 15, 2020
2020 წლის 15 ივნისს, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 6 წლისთავისა და არსებული შედეგების შესახებ შუახევის მუნიციპალიტეტის პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ონლაინ სემინარი გაიმართა.
სემინარს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონული წარმომადგენლები სალომე აბულაძე და ანა ცანავა უძღვებოდნენ.
მომხსენებლებმა ევროკავშირის შექმნის ისტორიაზე, ღირებულებებსა და საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასა და 6 წლის მანძილზე მიღებულ შედეგებს.
მონაწილეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიაში და მათთვის საინტერესო კითხვებზეც მიიღეს პასუხები.
სემინარი საქართველოში მიმდინარე “ევროპის დღეები 2020”-ის ფარგლებში გაიმართა