ნატო-ს დაარსების დღესთან დაკავშირებით რუსთავის სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
აპრილი 4, 2021

04.04.21 – რუსთავი
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსების დღესთან დაკავშირებით რუსთავის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის ქვემო ქართლის ბიუროს რეგიონულმა წარმომადგენელმა თემურ სუყაშვილმა, მონაწილეებს ნატოს ძირითადი პრინციპები და ამოცანები, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმები და ინტეგრაციის პროცესში გატარებული რეფორმები გააცნო. მომხსენებელმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა ანტიდასავლურ პროპაგანდასთან ბრძოლის ეფექტურ მეთოდებზე, მიდგომებზე, არსებულ გამოწვევებსა და ამ პროცესში ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. დისკუსიის გარდა მოსწავლეებმა შეხვედრის თემასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს პადლეტის ელექტრონულ დაფაზე და მონაწილეობა მიიღეს kahoot-ის ბაზაზე შექმნილ ვიქტორინაში.
შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად ახორციელებს.