ნატო-ს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ახალგაზრდებისთვის ონლაინ საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გაიმართა

აპრილი 4, 2024

04.04.24 – ბათუმი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ბათუმის განათლების, დასაქმებისა და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, ნატო-ს საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, სამოქალაქო განათლების პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი ღონისძიება გამართა.

ღონისძიებაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა აჭარის რეგიონში ირმა გაბინაშვილმა, ვრცლად ისაუბრა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პრინციპების, დაარსების, გაფართოებების, ფუნქციონირების, მიზნებისა და ამოცანების შესახებ. საუბარი, ასევე, შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობებს, არსებული თანამშრომლობის საკითხებსა და ამ პროცესში არსებულ შედეგებსა და გამოწვევებს.

მსმენელებისთვის საინტერესო საკითხებზე დისკუსიაც გაიმართა. ღონისძიების მეორე ნაწილში Kahoot პლატფორმაზე ონლაინ-ვიქტორინა გაიმართა და ახალგაზრდებმა ნატოს თემატიკაზე მომზადებულ ღია და დახურულ შეკითხვებს უპასუხეს. გამოვლინდნენ თამაშის ყველაზე აქტიური მონაწილეებიც, რომლებსაც ორგანიზატორებისგან სიმბოლური პრიზები და თემატური ლიტერატურა გადაეცათ.

ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის „საზოგადოების ინფორმირებულობისა და მედეგობის გაზრდა“ ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ერთად, საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ახორციელებს.