ნატო-ს სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ
ნოემბერი 9, 2021
09.11.21 – ბათუმი
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ორი ხომალდის „მაუნთ უიტნისა“ და „პორტერის“ ბათუმის პორტში ვიზიტის ფარგლებში, ნატო-ს საზღვაო ძალების წარმომადგენლები შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
ღონისძიება საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.
ბრიტანეთის საზღვაო ფლოტის ადმირალმა ჯეიმს მორლიმ, ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ქვეითთა კორპუსის კაპიტანმა ჯონათან ლიპსმა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს თავდაცვის ატაშემ სტეფან ბიგლიმ სტუდენტებს ინფორმაცია მიაწოდეს შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და ამ კონტექსტში ხომალდების ვიზიტის მნიშვნელობაზე. მომხსენებლებმა ვრცლად ისაუბრეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის დინამიკასა და სამომავლო პრესპექტივებზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ამერიკისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობა.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა, ხოლო შეხვედრას მოდერაცია საქართველოში აშშ-ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ქეთრინ შვაიცერმა გაუწია.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოში ამერიკის საელჩოსა და ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების წარმომადგენლებმა მოინახულეს ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიურო.
საქართველოში საპორტო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო დანაყოფების წარმომადგენლები, გამოცდილების გაზიარების მიზნით სხვადასხვა შეხვედრებს გამართავენ. ასევე, გაიმართება ერთობლივი საზღვაო წვრთნები შავ ზღვაში.