ნატოს დღეების ფარგლებში რეგიონალური მედიისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მედია სკოლა ტარდება
ოქტომბერი 28, 2019
28-29 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში ნატოს დღეები 2019-ის ფარგლებში რეგიონალური მედიისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე მედია სკოლა ტარდება.
მედია სკოლა გახსნეს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა თამარა წულეისკირმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა და პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩმა.
თამარა წულეისკირმა სიტყვით მიმართვისას საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მედიის უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრა და მათი ჩართულობისა და ინფორმირებულობის დონის ამაღლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნატოში გაწევრების შესახებ საზოგადოებასთან დიალოგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიმდინარე ანტი-დასავლური პროპაგანდის ფონზე.
ორი დღის განმავლობაში მონაწილეებმა მოისმენეს მოხსენებები ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიზნებსა და ამოცანებზე, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიღწევებსა და გამოწვევებზე, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მექანიზმებზე, ნატოსთვის კომუნიკაციის როლსა და პროპაგანდასთან ბრძოლის მეთოდებზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საზოგადოების ჩართულობის მნიშვნელობაზე, კიბერთავდაცვასა და ამ მხრივ ნატოს მიდგომებზე.